გამოჩენილი ქართველი პეიზაჟისტი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ლეოპოლდ ევგენის ძე ძაძამიძე დაიბადა 1922 წლის 20 ოქტომბერს ზუგდიდში. იგი სამეგრელოში და სრულიად საქართველოში XVIII საუკუნიდან ცნობილი ზუგდიდელი ოქრომჭედლების ოჯახის შთამომავალი იყო. მის წინაპართა შორის იყვნენ პაპუნა მეუნარგიას და ა.კედიას მოწაფე ვახტანგ (ვახუ) გოჩას ძე და მისი ძმისშვილები და მოწაფეები კონსტანტინე ისმაილის ძე და ფილუ ისმაილის ძე (1877-1963) ძაძამიძეები.
მხატვრობისადმი მიდრეკილება პატარა ლეომ ადრევე გამოამჟღავნა და ამით განისაზღვრა მისი მომავალი ინტერესების სფერო.
ფერწერის ხელოვნებას იგი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას (1941-1947) ცნობილ პეიზაჟისტთან ალექსანდრე ციმაკურიძესთან დაეუფლა. მის სადიპლომო ნამუშევარს - „დასვენება“ ხელმძღვანელობდა ცნობილი ოსტატი აპოლონ ქუთათელაძე. 1955 წლიდან ახალგაზრდა მხატვარი მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. 1964 წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ცხოვრობდა თბილისში, მხატვრების სახელგანთქმულ სახლში - კავსაძის N4-ში.
ლეოპოლდ ძაძამიძე მიეკუთვნება ქართველ ორმოცდაათიანელ მხატვართა თაობას, იმ ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფს, რომელმაც განაახლა ქართული სახვითი ხელოვნების ენა მხატვარი ლეოპოლდ ძაძამიძე 11 50-იანი წლების მეორე ნახევარსა და 60-იანი წლების დასწყისში. მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები - ახალი ხედვა და იდეები, გამახვილებული ინტერესი ფორმის, ინდივიდუალური ხელწერის ძიებისადმი, განსაკუთრებული ყურადღება ფერისადმი, ემოციურობა, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ლეოპოლდ ძაძამიძის მხატვრობისთვისაც.
ლეოპოლდ ძაძამიძის ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრება სულ ორ ათეულ წელს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში მან შექმნა ქართული პეიზაჟური ხელოვნების მნიშვნელოვანი შენაძენი - რამდენიმე ასეული ტილო, რითიც დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ქართული ხელოვნების ისტორიაში.
საქართველოს ბუნება, მისი კუთხეების მშვენიერება მხატვრის დაკვირვების, შესწავლის, ხატვის მთავარი ობიექტი იყო. მან ფეხით შემოიარა და აღბეჭდა - აჭარა, მესხეთი, სვანეთი, ქართლი, იმერეთი, გურია...
და მაინც ლეოპოლდ ძაძამიძის შთაგონების მთავარი წყარო მშობლიური სამგრელო იყო. მისი მმშვენიერი ბუნება მნიშვნელოვან სტიმულს აძლევდა მხატვრის შემოქმედებით ფანტაზიას. განსაკუთრებული სიყვარულით ხატავდა სამეგრელოს მთიანი სოფლების, ზუგდიდის ხედებს წელიწადის სხვადასხვა დროს, აღბეჭდავდა განსხვავებულ ამინდსა და განათების პირობებში - ხან მზიან, ხან ავდრიან დღეებს, დილას, საღამოს, შუადღისას ... შექმნილი სურათები ერთდროულად კონკრეტული ხედის ამსახველიცაა და ამავდროულად განზოგადებულიც. რეალური ბუნება ტილოზე გარდაიქმნება თავად ავტორის შინაგანი განწყობის კვალდაკვალ... ასეთებია „შემოდგომა სამეგრელოში“ (1958), „ბოტანიკური ბაღი ზუგდიდში“ (1961), „ევკალიპტები“ (1958), „ზამთარი ცაიშში“ (1959), „მეგრული სამზადი“ (1961), „გაზაფხული სამეგრელოში“ (1961), „საღამო სამეგრელოში“ (1961), „სამეგრელო“ (1962) და სხვა. ზუგდიდისადმი სიყვარულის გამომჟღავნება იყო მხატვრის მიერ უსასყიდლოდ შექმნილი დიდი თემატური პანო, რომელიც ოდესღაც ამშვენებდა ქალაქის ცენტრს (არ შემორჩენილა).
დღევანდელი გადასახედიდან სულ სხვაგვარად, ტკივილიან მოგონებებად აღიქმება ლეოპოლდ ძაძამიძის თვალით დანახული აფხაზეთი, მისი ქალაქებისა და სოფლების ხედები - „ძველი გაგრა“ (1958), „გაგრა (1958, 1959, 1959, 1961), „სოხუმი“ (1959), „ახალი ათონი“ (1959), „ტყვარჩელი“ (1961, 1962).
ლეოპოლდ ძაძამიძე აქტიურად მონაწილეობდა დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ინიცატივით ჩამოყალიბებულ მხატვართა ჯგუფში. მათთან ერთად მოგზაურობის დროს არაერთხელ აღბეჭდა საქართველოს სხვადასხვა კუთხე. უმშვენიერესი ადგილები - „სვანეთი“ (1959), „სოფელი სიონი“ (1961), „სიღნაღის კუთხე“ (1962), „ქუთაისის კუთხე“ (1962), „ბაზალეთი“ (1962), „ვარძია“ (1962), „შემოდგომა“ (1963), „კახეთი“, „გელათი“ (1965), „ყაზბეგი“ (1965), „აწყურის ციხე“ (1964), „სვანეთი“ (1965). დიდი ადგილი მხატვრის შემოქმედებაში უკავია თბილისის თემას - „ზამთარი თბილისში“ (1960), „თბილისის კუთხე“ (1962), „ბოტანიკური ბაღი“ (1962), „ძველი თბილისი“ (1962).
ბევრს მოგზაურობდა და მუშაობდა იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში. მის შემოქმედებაში მნიშნელოვანი ადგილი უკავია დაღესტანში, ლიტვაში, ესტონეთში, ლატვიაში შექმნილ ნაწარმოებებს. გამოფენებზე განსაკუთრებული წარმატება ხვდა მის ლატვიურ ციკლს - „კლაიპედა“ (1964).
პეიზაჟების გარდა იგი რიგი საინტერესო პორტრეტის ავტორიცაა: „ლიტველი გოგონა“, „კახელი გლეხი“ (1962)
ფერმწერის შემოქმედებითი მიღწევები აღინიშნა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდებით (1964).
ტრაგიკული ბედის ოჯახის წარმომადგენელმა (5 და-ძმიდან 4 ნაადრევად გარდაიცვალა. ასევე ადრე დაკარგა მამა) თავადაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე - შემოქმედებითი სიმწიფის ხანაში ბრმა შემთხვევის მსხვერპლი გახდა. იგი 1966 წლის 17 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა. განისვენებს ზუგდიდში, სამეგრელოს მხარის სახელოვან წარმომადგენელთა გვერდით. ბიუსტი საფლავისთვის კოლეგამ, ცნობილმა მოქანდაკემ ოთარ ფარულავამ შექმნა.
მხატვრის შემოქმედებითი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა. მისი ნაწარმოებები წარდგენილი იყო მრავალ მნიშვნელოვან ექსპოზიციაზე - თბილისის „მხატვრის სახლში“, ფერწერის რეტროსპექტულ ე.წ. „თაობათა“ გამოფენაზე, მოსკოვში, საქართველოს სახვითი ხელოვნების რეტროსპექტულ გამოფენაზე. გაიმართა მისი ნამუშევრების არა ერთი პერსონალური გამოფენაც - პირველი მისი გარდაცვალების წლის თავზე მოეწყო ელენე ახვლედიანის სახელოსნოში (1967), შემდგომ თბილისის „მხატვრის სახლში“ (1982, 1989). მხატვრის უბედობა მის ნამუშევრებსაც შეეხო - 1991-92 დეკემბერ-იანვრის თბილისის ტრაგიკული ომის დროს „მხატვრის სახლში“ მისი საუკეთესო ნამუშევრები იყო განთავსებული. ომის დროს განადგურდა საგამოფენოდ გადარჩეული სურათები, დაახლოებით 150 ფერწერული ნამუშევარი. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ სურათების ნაწილი გადარჩა, მაგრამ მათი ადგილსამყოფელი დღემდე გაურკვეველია.
საბედნიეროდ, ოჯახმა, მისმა დისშვილებმა, ცნობილმა ექიმებმა, პეტრე და ნუგზარ უბერებმა შეძლეს შემოენახათ მხატვრის შემოქმედების გარკვეული ნაწილი, ის, რაც ამჟამად ქართული პეიზაჟური ფერწერის სიამაყეს წარმოდგენს. ლეოპოლდ ძაძამიძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეასა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.
ალბათ, დადგება დრო, როდესაც მოიძებნება დაკარგული ნამუშევრები, შესაძლებელი იქნება მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის თავმოყრა და ხელოვნების, ქვეყნის ბევრი მოყვარული შეძლებს დააფასოს, შეაფასოს მშვენიერი საქართველოს ხიბლი, რაც უკვდავყოფილია ლეოპოლდ ძაძამიძის ფერწერულ სამყაროში.