საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი ლეოპოლდ ძაძამიძე სახელოვან 50-იანელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი დამოუკიდებელ შემოქმედებით მუშაობას იწყებს. ორმოცდაათიანი წლები, ისევე როგორც მთელს საბჭოთა ხელოვნებაში, ქართულ ხელოვნებაშიც მნიშვნელოვანი ძვრებით აღინიშნა. ამ დროს სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული მხატვრების ახალგაზრდა თაობამ მძიმე და ამავე დროს საპატიო მოვალეობა იტვირთა - ახალი პრინციპები დაამკვიდრა ხელოვნებაში, პრინციპები, რომლებიც თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარების ლოგიკურ, ბუნებრივ ნაყოფს წარმოადგენდა. ამაში, უპირველესად, იგულისხმება ხედვის საკუთარი მეთოდის გამომუშავება, სინამდვილისადმი უშუალო დამოკიდებულება, გაძლიერებული ყურადღება ფერისადმი და, ამდენად გამძაფრებული ემოციონალიზმი.
ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ ეს პრინციპები აღსარებას წააგავდა. ცოტა თავბრუდახვევაც იყო ამ აღსარებაში, როდესაც აღმოჩნდა, რომ ფერწერა შედგენილი სიტყვაა და იგი ორი ნაწილისაგან შედგება. სწორედ ამით აიხსნება ორმოცდაათიანელთა ნამუშევრებისათვის დამახასიათებელი ჟღერადი, ნათელი და ჰაეროვანი კოლორიტი.
ლეოპოლდ ძაძამიძის ნამუშევრები მზითა და სინათლითაა აღსავსე. მხატვრობაში მისთვის განმსაზღვრელი კომპონენტია 4ინტენსიური, მსუბუქად დაწერილი, გამჭვირვალე ფერი. როგორც კოლორისტი, იგი დახვეწილ გემოვნებასა და პროფესიონალიზმს ავლენს. მისი ნამუშევრები მოწმობენ, რომ მხატვარი კარგად იცნობდა XX საუკუნის მსოფლიო რეალისტური ხელოვნების უდიდესი ოსტატების გამოცდი- ლებას და არა მარტო იცნობდა, შემოქმედებითად გაეაზრებინა, არამედ ცდილობდა, გადაემუშავებინა იგი, რათა პოზიტიურ მიღწევებზე დაყრდნობით, გამოსავალი მიეცა საკუთარი გრძნობებისათვის. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ძირითადი ჟანრი, რომელშიც მხატვარი მუშაობდა, პეიზაჟი იყო. ქალაქის თუ სოფლის პეიზაჟი მას საშუალებას აძლევდა დაკვირვებით ემუშავა ფერადოვნების პრობლემაზე, უნატიფესი ნიუანსები დაენახა გარემომცველ სამყაროში. ზოგჯერ იგი ფერების გაბედულ დაპირისპირებასაც მიმართავდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა, რბილი, ჰაეროვანი და მთლიანი სამყარო შეექმნა თავის ნამუშევრებში.
ფერადოვნების ეს წყურვილი აიძულებდა ლ.ძაძამიძეს ემოგზაურა და ინტენსიურად ემუშავა სხვადასხვა მხარეში - სხვადასხვა განათებასა თუ წელიწადის ნებისმიერ დროში. მის ნამუშევრებში აისახა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე: თბილისიდან შავი ზღვისპირეთამდე, ვარძიიდან სვანეთამდე. მან შექმნა პეიზაჟთა მთელი რიგი სერიები, აგრეთვე ჩრდილო კავკასიის, ბალტიისპირეთისა და რუსეთისა.
ინტენსიური კოლორისტული ძიება ზოგჯერ წონა- სწორობის დაკარგვის საშიშროებასაც შეიცავს ხოლმე. ლეოპოლდ ძაძამიძემ თავი აარიდა ამ საშიშროებას, რადგან ფერი არასდროს გამხდარა მისი შემოქმედების თვითმიზანი და მისთვის ბუნებაში არსებული თანაფარდობა ყოველთვის ამოსავალ წერტილად და კამერტონად დარჩა.
ეს თვისებები კარგად გამოჩნდა მხატვრის ნამუშევართა პერსონალურ გამოფენაზე, რომელიც 1982 წელს, თბილისში სურათების გალერეაში მოეწყო, მართალია ლეოპოლდ ძაძამიძე სხვადასხვა გამოფენის ხშირი მონაწილე იყო, მაგრამ ამ ვერნისაჟმა, სადაც თავმოყრილი იყო მისი მრავალი ნამუშევარი, საზოგადოებას დაანახა შემოქმედის მთლიანი სახე, გამოავლინა იგი, როგორც ფერის გრძნობითა და დახვეწილი გემოვნებით დაჯილდოებული მხატვარი.
აქვე უნდა აღინიშნოს ლეოპოლდ ძაძამიძის მხატვრობისათვის დამახასიათებელი ნიშანდობლივი თავისებურება - რა ზომაც არ უნდა ჰქონდეს ნამუშევრებს, ისინი ერთგვარად კამერულ ხასიათს ატარებენ. ამ თვისების საფუძველი კი თვით მხატვრის ხასიათში სუფევდა, იგი ბუნებას მთლიანობაში, შესაძლოა ოდნავ მიამიტად და სადად ხედავდა და ჩვენც ასეთადვე წარმოგვიდგინა.
ლ.ძაძამიძე წლების მანძილზე ეწეოდა შემოქმედებით მუშაობას და, ბუნებრივია, როგორც მხატვარი, განვითარებას განიცდიდა, მაგრამ ეს იყო თავდაჭერილი, თანდათანობითი განვითარება. მის ნამუშევრებში ვერ ვხედავთ უკიდურესობებს, იგი ცდილობდა, ერთი უმთავრესი ამოცანა გადაეჭრა - შეექმნა რეალობის ერთიანი, გაწონასწორებული, პოეტური სინატიფით აღსავსე სურათი.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა თვისება კარგად ჩანს მის საუკეთესო ნამუშევრებში, როგორიცაა „შემოდგომა ვარძიაში“ (1955). მხატვარი თავისუფლად ფლობს ფერწერულ ტექნიკას. წითელი, ყვითელი, რუხი მონასმები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. მაყურებელი ტკბება ფერთა ჟღერადობითა და მათი თავშეკავებული სილამაზით.
მოკლე, დინამიური მონასმები და რაღაც უთქმელი, იდუმალება ახლავს „ძველ თბილისს“ (1961), დეტალები ოდნავაა მინიშნებული, რითაც მხატვარი აღწევს საკუთარი განცდისა და შთაბეჭდილების მაყურებლამდე მიტანას.
ლეოპოლდ ძაძამიძის ერთი საუკეთესო პეიზაჟთაგანია „კლაიპედა“ (1964), მაღალი წერტილიდან არის დანახული ქალაქის ხედი, რომელსაც მდინარის სპირალისებული კალაპოტი ჰყოფს. მდინარე, სანაპირო, შენობები - ყველაფერი რბილად და გამჭვირვალედ არის დაწერილი, თბილი რეფლექსები და ანარეკლი მდინარის ზედაპირზე ძალზედ მიმზიდველად გამოიყურება. ეს სურათი გამოსახვის რბილი მანერითა და კომპოზიციითაც ერთგვარად შორეულად მოგვაგონებს ალბერ მარკეს (1875-1947) ფერწერას.
ბალტიისპირეთის სერიაში მხატვარი ხშირად მიმართავს ერთსა და იმავე მოტივს, მაგრამ ამ სერიის ყოველი სურათი განსხვავებული კოლორიტითაა და შესაბამისად, სხვაგვარი განწყობილებით ხასიათდება, მაგალითად: „ზამთარი კლაიპედაში“ (1964), ლეოპოლდ ძაძამიძე - ეს სამხრეთელი კაცი, აშკარა დაინტერესებას იჩენდა ჩრდილოური ზამთრის გამოსახვისადმი, იქნებ იმად იყო მიმზიდველი ასეთი ზამთარი, უცხო რომ იყო მისთვის, ვინ იცის, მაგრამ მხატვარი ამ, მისთვის უცხო განწყობილებასაც ითავსებდა და საკუთარ ხასიათს აძლევდა. 1960 წელს დაწერილი „ზამთარი“ ძალიან თეთრი, გამჭვირვალე და იმავე დროს თბილი და ნატიფია. მხატვარმა თავისი ოსტატობის წყალობით, სამხრეთული მზე 7 აანთო ჩრდილოურ, ცივ და პირქუშ ზამთარში. ამის მაგალითია „დეკემბერი“ (1965), „თოვლი ლატვიაში“ (1963) და „პალანგა. შემოდგომა“ (1964). ბევრი თოვლის მიუხედავად, ლეოპოლდ ძაძამისეული ზამთარი ადამიანურად თბილი და ესთეტიკურად რაფინირებულია.
რაღა შეიძლება ითქვას მხატვრის მიერ მშობლიური ქვეყნის კუთხეების ასახვაზე, კუთხეებისა, რომლებიც თვით ბუნებამ შეამკო ინტენსიური, თბილი ფერითა და განათების სიმძაფრით, ამ ნამუშევრებს, გარკვეულად, ეტიუდურობა ახასიათებთ და, რაღა თქმა უნდა, დაუფარავი სიყვარული და აღტაცება, „ძველი ხიდი“ (1950), „საღამო სამეგრელოში“ (1951), „ძველი გაგრა“ (1960), „პეიზაჟი“ (1960), „მეგრული სამზადი“ (1961), „ბოტანიკური ბაღი ზუგდიდში“ (1961), „ძველი ქუთაისი“ (1962), „ეზო გურიაში“ (1963), „წისქვილთან“ (1964), „მესხეთი“ (1965), „იმერეთი“ (1962 და 1965) და სხვები თითქოს მოსამზადებელი ეტიუდებია სურათებისათვის, რომელთა განხორციელება არ დასცალდა მხატვარს. ლეოპოლდ ძაძამიძე თავის ნამუშევრებში შეგნებულად ერიდებოდა გართულებებს. მან უმარტივესი საშუალებით მიაღწია სასიამოვნო ფერწერულ ერთიანობას. მისი ტილოებისათვის დამახასიათებელი უბრალოება, ცხადია, დიდი ოსტატობისა და გამოცდილების შედეგს წარმოადგენს.
ლეოპოლდ ძაძამიძე სხვადასხვა მხარის პეიზაჟებს ქმნიდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იგი ყოველთვის საკუთარი ხედვისა და განცდის ერთგული რჩებოდა. მიუხედავად ამისა, ფერმწერი ახერხებდა გამოეკვეთა ტიპური ნიშნები. სიმარტივე და ტიპურობა ლ.ძაძამიძის მხატვრობის საიდუმლოს წარმოადგენს და რაც მთავარია, ძაძამიძისეული სიმარტივე, მხატვრის უშუალო ემოციიდან, მისი განცდიდან მომდინარეობს და არა აბსტრაქტულ-თეორიული კონსტრუქციებიდან. ამითვე აიხსნება მისი ნამუშევრების განზოგადების ხარისხიც.
ის, რომ ლეოპოლდ ძაძამიძე ყოველთვის რეალობიდან გამომდინარეობდა, ამაზე მეტყველებს მისი 1965 წელს დაწერილი „სვანეთი“, ოდნავ პირქუში, რუხი, მომწვანო და ლურჯი კოლორიტით.
ლეოპოლდ ძაძამიძის ნამუშევრები ცხადყოფენ, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო მხატვარი, იგი ყოველთვის საკუთარი თავისა და მრწამსის ერთგული რჩებოდა, ყოველდღე წრფელად უყურებდა სამყაროს. ეს სურათები ავლენენ მათი ავტორის თბილ და ჰუმანურ დამოკიდებულებას გარე სამყაროსა და ადამიანებისადმი.
ვინ იცის, რა სიმაღლეებს მიაღწევდა ლეოპოლდ ძაძამიძის შემოქმედება, დაუჯერებლად ბრმა შემთხვევით გამოწვეული, უეცარი სიკვდილი რომ არა! ყოველშემთხვევაში, მისი წყნარი, კამერული ხასიათის ნამუშევრები და საერთოდ, მთელი მისი შემოქმედება დარჩა თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიაში, როგორც კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდრტვინველად უნდა აკეთო საყვარელი საქმე და ბოლომდე მიჰყვე საკუთარ არჩევანსა და გულის ძახილს.