თბილისის სურათების გალერეაში ამ რამდენიმე ხნის წინ ლეო ძაძამიძის ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. აგერ უკვე თხუთმეტი წელია მისი ტილოები აღარ გამოჩენილა ჩვენი სამხატვრო გამოფენების ექსპოზიციებში. ბრმა შემთხვევამ მოულოდნელად გამოაკლო ფერმწერი ქართველ მხატვართა კოლექტივს, სწორედ მაშინ, როცა დაუდგა დრო შემოქმედებითი ანგარიშისა და მხატვარიც უდიდესი მღელვარებით ემზადებოდა ამ ანგარიშისათვის.
ლეო ძაძამიძე უხვი ბუნებით შემოვიდა ქართულ პეიზაჟურ ფერწერაში. ეს სიუხვე არა მხოლოდ მის შემოქმედებით ნაყოფში იხატებოდა, არამედ თვით სათქმელის სიცხოველესა და მგზნებარებაში. მხატვრის ტილოების უსაზღვროდ მრავალფეროვანი ემოციურ-პოეტური შინაარსი, ფართო გეოგრაფია, მოტივთა სიმდიდრე მათ ავტორს წარმოგვიდგენს შთაგონებულ პეიზაჟისტად, რომელსაც ხელეწიფება დაინახოს, შეიგრძნოს და საღებავებით ააჟღეროს ბუნების სურათები მის უსასრულო და უმშვენიერეს ცვალებადობაში.
ლეო ძაძამიძემ 1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სადაც ჟანრულბატალურ სახელოსნოში სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. პეიზაჟის ჟანრით მისი განსაკუთრებული დაინტერესება დაიწყო უფრო გვიან, როცა იგი, კურსდამთავრებული, მშობლიურ ზუგდიდს დაუბრუნდა. ამ დაინტერესებას და ჟანრის შთაგონებული პეიზაჟისტი 21 სპეციფიკურ სირთულეებში ჩაღრმავებას უთუოდ ბიძგი მისცა შემოქმედებითმა დამეგობრებამ დღეს უკვე ცნობილ პეიზაჟისტთან, მიხეილ ხვიტიასთან, რომელმაც ასევე მაშინ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც პეიზაჟურ სახელოსნოში ალექსანდრე ციმაკურიძის ხემძღვანელობით ოსტატდებოდა.
ახალგაზრდები ბევრს მოგზაურობდნენ მშობლიურ მიწა-წყალზე და ბუნების წიაღში, ეტიუდების სახით, უმდიდრეს მასალას იძენდნენ მომავალი სურათებისათვის.
ამ ჟანრში ინტენსიური მუშაობის საწყის ეტაპზევე გამოვლინდა ლეო ძაძამიძის შემოქმედებითი მონაცემები. კოლორისტის ტალანტით დაჯილდოებული, ბუნების უფაქიზეს შეგრძნებასაც ამჟღავნებს და ტილოებზე აცოცხლებს მის ამოუწურავად მრვალაფეროვან მშვენიერებას. მხატვრის ნამუშევრებმა იმთავითვე მიიპყრო ყურადღება და აღიარება მოუპოვა მათ ავტორს, როგორც ერთ-ერთ საინტერესო პეიზაჟისტს.
60-იან წლებში ლეო ძაძამიძე მხატვართა იმ ჯგუფშია, რომელიც საქართველოს სახალხო მხატვრის ელენე ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოგზაურობს ჩვენი რესპუბლიკის სხვადასხვა მხარეში. ამ მოგზაურობებმა დიდად გაამდიდრა მხატვრის პალიტრა. გააფართოვა მისი შემოქმედებითი თვალსაწიერი, გააღრმავა მხატვრული ამოცანები. ჩანაფიქრის, ბუნების ხასიათის, განწყობილებისა და მდგომარეობის შესატყვისად ტილოებზე იცვლება საღებავები, ფერთა ხმიერება, იცვლება თვით შესრულების ტექნიკა. შემოქმედი წერს ფუნჯის ხან ფართო, ლაღი მონასმებით, ხანაც უფრო მშვიდი, გულდასმითი მოდელირება იგრძნობა. ზოგჯერ საღებავების ქვეშ მოჩანს ტილოს თეთრი ზედაპირი და ეს ხერხები სახვითად ისეა გამოყენებული, რომ ქმნის ფორმათა და ფაქტურის ნაირგვარობის, ბუნების სუნთქვის, შინაგანი მოძრაობის შთაბეჭდილებას. მხატვარს ძალუძს უფაქიზესი ინტონაციური შეფერილობით გახსნას ემოციური შინაარსის მხრივ განსხვავებული პეიზაჟური მოტივები - ბუნების იდუმალი, მშვიდი და ნაღვლიანი მდგომარეობა თუ ხალისიანი, ფერადოვანი ხმიერებით ამღერებული მზიური გარემო. და არა მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ფერთა ეს ცხოველმყოფელი ჰარმონია ხიბლავს მნახველს ძაძამიძისეულ ტილოებზე, არამედ თვით ხატოვანი კომპოზიცია, დანახვის წერტილის შერჩევა, რაც, ფერადოვან ქსოვილთან ერთად, ესოდენ სახიერად წარმოსახავს ამა თუ იმ კუთხის, ადგილის, ხედის ხასიათს, თავისებურებას.
ლეო ძაძამიძის შემოქმედებით მემკვიდრეობაში რამდენიმე ციკლი გამოირჩევა. ეს არის დასავლეთ საქართველოს ვრცელი ციკლი, სვანეთის, ბორჯომის ხეობის, კახეთის, ქუთაისის, ყაზბეგის მიდამოების ამსახველი სერიები, ეს არის დაღესტნური სურათები, და ბოლოს, ბალტიისპირეთში შექმნილი მრავალრიცხოვანი ტილოები.
ლეო ძაძამიძის ღრმად შთამბეჭდავი, ეროვნული ხელოვნება დღესაც კვლავ პოეტური გზნებითა და ფერწერული ელვარებით წარმოსდგა ჩვენს თვალწინ. მხატვრის ფერწერა - ეს ის ფერწერაა, რომელსაც დრო ასე ადვილად ვერ გაახუნებს და ვერ გააფერმკრთალებს. ვერ გააფერმკრთალებს იმიტომ, რომ მხურვალე და გულწრფელი სულის გამოძახილია.