ფერმწერი ლეოპოლდ ძაძამიძე

ნინო ხუნდაძე ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი 17. 12. 2020

ლეოპოლდ ძაძამიძის ფერად, სიკეთით და სიყვარულით სავსე სამყაროს კარგად არ ვიცნობდი. ვიცოდი ამ ადამიანის ტრაგიკული ბედის შესახებ, რაც მის მოულოდნელ გარდაცვალებას უკავშირდება 44 წლის ასაკში. ასევე ვიცოდი, რომ მისი სურათების დიდი ნაწილი, მხატვრის სახლში საგამოფენოდ თავმოყრილი ნაკრები, „თბილისის ომის“ დროს, 1991-92 წლების მიჯნაზე განადგურდა. იმაზეც მიფიქრია, რომ ალბათ, რაღაცნაირი სევდით უნდა ყოფილიყო ნიშანდასმული მისი სურათები. თუმცა ჩემი განწყობა სრულებითაც არ გამართლდა. ლეოპოლდ ძაძამიძის მხატვრული სამყარო ადამიანის უშუალო, გულწრფელი სიყვარულის გამომხატველია, ხალისიანი და მსუბუქია. ფერწერული სურათები ერთი შეხედვით მარტივია, ასახავს იმას, რასაც მხატვარი მოცემულ მომენტში ხედავს. ხოლო მეორე მხრივ კი, როდესაც აკვირდები მათ, მხატვრის საკმაოდ ღრმა და მნიშვნელოვან ძიებას აღმოაჩენ.

ლეოპოლდ ძაძამიძე საოცარ ეპოქაში მოღვაწეობდა - XX საუკუნის 50-60-იან წლებში. სოციალიზმი „სტალინური“ სიმძიმისგან „გათავისუფლდა“. შეიქმნა ილუზია, რომ შემოქმედებითი თავისუფლების ეპოქა კვლავ დადგა. მაგრამ შეუძლებელი ბოლომდე შესაძლებელი ვერ გახდა. თუმცა ამ ერთგვარმა გარდატეხამ თავისი შედეგი მოიტანა, კულტურის ყველა მიმართულებაში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდი ტრადიციის საფუძველზე აღზრდილმა თაობამ, როგორც მნიშვნელოვან ეპოქებში ხდება ხოლმე, გამოხატვის ახალი საშუალებები გამოძებნა, მიაგნო ახალ ფორმას, ახლებურად გაიაზრა 27 რეალობა. თავსმოხვეულ მოთხოვნებს და დაწესებულ მხატვრულ პრინციპებს მოუძებნა შესატყვისი შესაძლებლობები და სიმბოლოებით, მეტაფორით, იუმორით შეძლო საკუთარი დამოკიდებულების გამოვლენა რეალობისადმი. მთავარი იყო, რომ დროს აჯობეს და გაათავისუფლეს ის ხელოვნურად ამაღლებული განწყობისაგან, რეალობა მათ შემოქმედებაში გახდა რეალური, უშუალო და არა საბჭოურად იდეალიზებული. ამ თაობის შემოქმედთა სამყარო - ძალიან ღრმა, კარგად გააზრებული, ესთეტიკურად მომხიბვლელი, ცოტა რომანტიკული და ნეორეალიზმის ნიშნებით აღბეჭდილი (ცხოვრების ფორმას, ადამიანებს შორის ურთიერთობებს რომ ეფუძნებოდა), თავისუფალია. თავისუფალია, რადგან ქვეტექსტით, იუმორით, მეტაფორით ანუ შემოქმედებითი, ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნებით და წერის თავისუფალი მანერით საოცრად საინტერესო მხატვრული ფორმა იქმნება და მნახველს ფიქრის, გააზრების, აღქმის, გაგების შესაძლებლობას სთავაზობს, რითაც შემოქმედებითი პროსეცის თანაზიარს ხდის.

ლეოპოლდ ძაძამიძე უმეტესად პეიზაჟის ჟანრში მუშაობდა. იგი 1950-იანი წლების ბოლოდან ელენე ახვლედიანის მიერ შეკრებილი მხატვართა ჯგუფის წევრი იყო, აქტიურად რომ მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში და საქართველოს საუცხოო ლანდშაფტს თავიანთ სურათებზე ყველა მათგანი თავისებურად აღბეჭდავდა. ელენე ახვლედიანი, თავად პეიზაჟის ოსტატი, ისწრაფოდა პეიზაჟი მთელი თავისი სიღრმით გაეაზრებინა ახალგაზრდა თაობას, ხედების თავისებურ მომხიბვლელობაში აღმოეჩინა და სხვადასხვაგვარად აღებეჭდა ის ზოგადი და განუმეორებელი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მხატვრული სახის, მისი ხასიათის სიღრმის გამომხატველი რომ იქნებოდა, სწორედ ისე, როგორც თავად გრძნობდა, ხედავდა და ქმნიდა.

ლეოპოლდ ძაძამიძის დამოკიდებულება სამყაროს მიმართ იმთავითვე მსგავსი მიდგომით გამოირჩეოდა. მის სურათებში ნათლად იკვეთება, რომ მხატვარი მუშაობის დაწყებისას უკვე გარკვეული ემოციით არის გამსჭვალული იმ გარემოს მიმართ კომპოზიციად რომ უნდა აქციოს. იგი მთლიანობად აღიქვამს როგორც ხედს, სიმაღლიდან დანახულს და სივრცეში განფენილს, ასევე ერთ პატარა მონაკვეთს, ქუჩის კუთხეს, ტყის ბილიკის ერთ ნაწილს, თუ ერთ ხეს. ამ მხრივ საინტერესოა სურათები: აწყურის ციხე (ტილო, ზეთი. 76/195), კიპარისები (1960. მუყაო, ზეთი. 65/50), ევკალიპტები (1957. მუყაო, ზეთი. 34/24), ტალინი (1965. მუყაო, ზეთი. 70/50) და მრავალი სხვა. თითოეული კომპოზიცია გარკვეული ემოციის და კონკრეტული ადგილის ხასიათის გამომხატველია. ხასიათი კი თავის მხრივ, მხატვრის მიდგომიდან, მისი ინტერესიდან გამომდინარეობს.

ზოგან, იმპრესიონისტების მსგავსად, ლეოპოლდ ძაძამიძეს დროის კონკრეტული მომენტის, მისი ცვალებადი ბუნების ასახვა სურდა, რაც მოკლე, სხვადასხვა ფერის წყვეტილი მონასმებით შექმნილი განსხვავებული ფაქტურების, ანარეკლების, სხვადასხვა ფერის ზედაპირებზე სინათლის ზემოქმედების ასახვაში ვლინდებოდა. იმპრესიონისტთა მსგავსად მხატვარი ერთსა და იმავე ხედს ხშირად დღის სხვადასხვა მონაკვეთში, წელიწადის სხვადასხვა დროს გამოსახავდა და ტონალურ და ფაქტურულ ცვლილებებს აკვირდებოდა, ბუნების ეს მრავალფეროვნება ხიბლავდა. ჰაერითა და სიმსუბუქით გამორჩეულია ეს ფერწერული სურათები: მდინარე ბესლეთი (1962. მუყაო, ზეთი. 67x100), რიწის ტბა (1960. მუყაო, ზეთი. 35x50), ზღვის ნაპირი (1962. ტილო, ზეთი. 12x18), მდინარე (1960. მუყაო, ზეთი. 35x25), ჩრდილოეთის იდილია (1963. ტილო, ზეთი. 70x100) და სხვ.

ხშირად კი, პოსტიმპორესიონისტების მსგავსად, მის ინტერესს მოვლენისა თუ საგნის არსის, მისი მარადიული იდეის სიღრმისეული გააზრება წარმოადგენდა, რაც ფერადოვანი გადაწყვეტის სიმკვეთრესა და მის სიმბოლიკაში, ფორმისა თუ ხასიათის სეზანისეულ ტიპიზაციაში იკვეთებოდა. ტალინი (1965. მუყაო, ზეთი. 70x50), დაღესტანი, მთები (1965. მუყაო, ზეთი. 50x70), დაღესტანი (1965. ტილო, ზეთი. 65x86), მთის პეიზაჟი (1965. მუყაო, ზეთი. 50x70), მეგრული სამზადი (1961. მუყაო, ზეთი. 50x70), ასევე მრავალი სხვა ადგილი თუ საგანი მჟღერი ფერადოვანი ლაქებით შექმნილ, დეკორატიული ხასიათის კომპოზიციებში იყო მხატვრის მიერ განსახიერებული. ამ კომპოზიციებში გამოსახულებას საკუთარი კონკრეტული ფერი გააჩნია, რომელზეც სინათლე და დროითი ფაქტორი არ ზემოქმედებს. მათ ესთეტიკურ მომხიბვლელობას ფერადოვანი ლაქებისა და კონტურული ნახატის თავისუფალი რიტმი ქმნის და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებას ბადებს.

ლეოპოლდ ძაძამიძემ თავის შემოქმედებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის - აფხაზეთის, სამეგრელოს, სვანეთის, გურიის, აჭარის, იმერეთის, კახეთის, ყაზბეგის, თბილისის, მცხეთის ხედების სერიები შექმნა. მარტო საქართველოს მხატვრული სახეებით არ შემოფარგლულა - ბალტიისპირეთი, კავკასია, კისლოვოდსკიც მისი ინტერესის ობიექტად იქცა. ყველა მხარეს უშუალოდ მისთვის (ამ მხარისთვის) დამახასიათებელი თავისებურება გამოარჩევს, სიმსუბუქე, სიხალისე, კამერულობა, სილაღე, სიმტკიცე, სიზვიადე, მიუწვდემელობა, სიღრმე, ფართედ გაშლილობა... ბუნება მის სურათებში ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაშინაც კი, როდესაც ჩრდილოეთის სუსხიან სანაპიროს და გაყინულ ზღვაში გემებს ვხემდინარე ბესლეთი River Besleti მთის პეიზაჟი Mountain Landscape 29 დავთ, თუმცა სამხრეთული ბუნებისგან განსხვავებით, ჩრდილოეთისას მეტი სიმკაცრე გამოარჩევს. ამ განწყობას ფერის თავშეკავებული ხასიათი, ცივი ტონების ერთფეროვნება განსაზღვრავს.

არანაკლებ საინტერესოა პეიზაჟის ჭეშმარიტი ოსტატის მიერ შექმნილი პორტრეტები, უფრო ტიპიზირებული მხატვრული სახეები - ლიტველი გოგონა, მწყემსი, მეთევზე გოგონა, კახელი კოლმეურნე, ქალი სათვალეებში, ბაბუა და მრავალი სხვა. ფორმის უკიდურესი განზოგადება, სახასიათო ტიპურ დეტალებზე მსუბუქი აქცენტი, საინტერესო ფერადოვანი კონტრასტები მის პორტრეტებზე ხასიათების საკმაოდ მეტყველად გადმოცემის საფუძველია.

ლეოპოლდ ძაძამიძის მიერ შიშველი ნატურების გამოსახულებათა შექმნისას კი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ესთეტიკით გატაცება გვხვდება თვალში. დანაიას თემით შთაგონებული მხატვარი თავის სურათებში სრულიად თავისუფალ წერის მანერას იყენებს, თუმცა ასე აქტუალურ ფარდის თემასა და ქალის პოზას თითქოს იმეორებს. სხვაგან გოიას თამამ სურათებთან კავშირი შეიძლება აღმოვაჩინოთ. საოცრად მეტყველი კონტურული ნახატით შემოსაზღვრული ქალის სილუეტი, რომელიც დეკორატიული, კუბოფოვისტურ სტილში გადაწყვეტილი პეიზაჟის ფონზეა წარმოდგენილი. ერთგვარად მოდილიანის წაგრძელებული, საოცარი სინაზით გამორჩეული გულწრფელი მხატვრული სახეებით შთაგონებული გვევლინება ლეოპოლდ ძაძამიძე ოთახში, ლოგინზე წამოწოლილი გოგონას მხატვრული სახის შექმნისას, ილუსტრაციებს რომ ათვალიერებს თავის წინ გადაშლილ წიგნში. შთაგონებისა და კავშირის მიუხედავად კლასიკად ქცეულ ნამუშევრებთან, ლეოპოლდ ძაძამიძე სრულიად თავისუფალია გავლენისგან, მას საკუთარი ხელწერა და მხატვრული სახის გააზრების ინდივიდუალიზმი გამოარჩევს, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს მის სურათებს.

ძირითადი მხატვრული საშუალება ლეოპოლდ ძაძამიძისთვის ფერია. ფერის შეგრძნება იმდენად მახვილია და ღრმა, რომ თავისუფლებას ანიჭებს მხატვარს სურათების კომპოზიციური სტრუქტურისა და გამოსახულებათა ფორმების შექმნისას. ლეოპოლდ ძაძამიძის ფერწერა, მისი მხატვრულ სამყარო საკმაოდ მკვეთრი, კონტრასტული, გაუმჭვირვალე ფერების ურთიერთმიმართებით იქმნება. სხვადასხვა ფერის მოკლე, ტეხილი მონასმებით სურათის ზედაპირზე ძირითადი, ზოგადი ფორმები იკვეთება, რომლებიც სწორედ სხვადასხვა ფერის ორგანული სინთეზით ერთ მთლიანს ქმნის და მხატვრული სახის ხასიათს განსაზღვრავს. მხატვრული სახის ხასიათი კი უმეტესად ლაღი, სიკეთისა და სიყვარულის გამომხატველია.

დასაწყისში ვახსენე ტრაგიკული მომენტები მხატვრის ცხოვრებიდან და იქვე მივანიშნე მისი მხატვრობის საერთო ხასიათზე, სიამოვნებას რომ განაცდევინებს მაყურებელს. ლეოპოლდ ძაძამიძე, დღევანდელი გადმოსახედიდან ბედნიერ მხატვართა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ. შთამომავლებმა ძალიან მოუარეს და დააფასეს მისი შემოქმედება. წინამდებარე კატალოგიც ამ დამოკიდებულების ნათელი დადასტურებაა. ეს სწორედ იმ ადამიანობის გამოვლინებაა, ლეოპოლდ ძაძამიძეს თავად რომ ახასიათებდა, ის სიყვარულია, მის სურათებს რომ ათბობს.